რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: უკრაინას წარმატებული კონტრშეტევისთვის მეტი თვითმფრინავი და საბრძოლო მასალა სჭირდება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, წარმატებული კონტრშეტევისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მეტი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საბრძოლო მასალა სჭირდებათ.

მისივე თქმით, "რუსეთის ციდან გადაგდება" მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების შემდეგ.

"კონტრშეტევის ყველაზე დიდი გამოწვევა საარტილერიო საბრძოლო მასალის სტაბილურად და დროულად მიწოდებაა, ხოლო მეორე პრობლემა რუსეთის საჰაერო დომინირებაა". - თქვა კულებამ.

კულებამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, მიმდინარე ან, პოტენციურად, შემდეგი კონტრშეტევა არ უნდა განიხილებოდეს, როგორც გადამწყვეტი.

კულებას თქმით, თუ კონტრშეტევის შედეგები დასავლეთში წარმატებულად არ აღიქმება, მაშინ იმ ადამიანების ხმები, რომლებიც მოლაპარაკებებს დაჟინებით ითხოვენ, "გაძლიერდება". 

უკრაინამ ივნისის დასაწყისში ზაფხულის კონტრიერიში წამოიწყო. ამ დრომდე გათავისუფლებულია 8 დასახლება ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქში.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან კონტრიერიშის სირთულეებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ბრძოლის ველზე წინსვლა "იმაზე ნელია, ვიდრე სურთ".

"ზოგს ჰგონია, რომ ეს ჰოლივუდის ფილმია და შედეგებს ახლავე ელიან. ასე არაა... საფრთხის ქვეშ ადამიანთა სიცოცხლეა". – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ კონტრიერიში მარტივად ვერ მიმდინარეობს, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე 200 000 კვ.კმ. რუსეთის მიერაა დანაღმული.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენადაც წინ არ უნდა წავიდნენ კონტრიერიშის ფარგლებში, გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდებიან, რადგან ეს ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის.

კომენტარები