რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ეს ჰოლივუდის ფილმი არაა" – ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრიერიშის სირთულეებზე საუბრობს

ვოლოდიმირ ზელენსკი
AFP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან კონტრიერიშის სირთულეებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ბრძოლის ველზე წინსვლა "იმაზე ნელია, ვიდრე სურთ".

"ზოგს ჰგონია, რომ ეს ჰოლივუდის ფილმია და შედეგებს ახლავე ელიან. ასე არაა... საფრთხის ქვეშ ადამიანთა სიცოცხლეა". – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ კონტრიერიში მარტივად ვერ მიმდინარეობს, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე 200 000 კვ.კმ. რუსეთის მიერაა დანაღმული.

"ზოგს რაც არ უნდა უნდოდეს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლა, დიდი პატივისცემით, ჩვენ ბრძოლის ველზე წინ წავიწევთ ისე, როგორც უკეთ მიგვაჩნია". – აღნიშნა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინას NATO-სგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, თუმცა საბოლოო მიზანი ალიანსში გაწევრიანებაა.

ზელენსკიმ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათზე წვრთნები აგვისტომდე დაიწყება, ხოლო პირველ თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, 6-7 თვეში მიიღებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენადაც წინ არ უნდა წავიდნენ კონტრიერიშის ფარგლებში, გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდებიან, რადგან ეს ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის.

უკრაინამ ივნისის დასაწყისში ზაფხულის კონტრიერიში წამოიწყო. ამ დრომდე გათავისუფლებულია 8 დასახლება ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქში.

კომენტარები