კორუფცია

TI: ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებმა ტენდერებით 2.6 მლნ-ზე მეტი მიიღეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ინფორმაციით, ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და ქართული ოცნების შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 2014-2022 წლებში 49 სახელმწიფო შესყიდვით 2 687 008 ლარი მიიღეს.

TI-ს ცნობით, მიღებული თანხიდან 1 928 488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხაჩიკ მოსოიანი 2013-2014 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, 2018-2019  წლებში კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. თანამდებობებზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები - შპს ვემი და შპს გოლდ 777 სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ. 

TI-ის ცნობით, შპს ვემი მისმა რძალმა, ერანუჰი ალექსანიანმა 2014 წლის მაისში დააფუძნა და სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყო ახალქალაქის მერიაში, სადაც მის ძმას, ხაჩატურ ალექსანიანს იურიდიულ სამსახურში ჯერ სპეციალისტის, 2015-2021 წლებში კი უფროსის პოზიცია ეკავა. შპს ვემს ხაჩიკ მოსოიანის ოჯახი 2019  წლამდე ფლობდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევით, სხვადასხვა დროს კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი იყო თავად ხაჩიკ მოსოიანიც და მისი შვილი, ვარდ მოსოიანიც.  

კვლევის მიხედვით, შპს ვემმა 2014-2018  წლებში 23 სახელმწიფო შესყიდვით 1 324 297 ლარი მიიღო. აქედან, 18 შესყიდვით, ჯამში, 1 144 874 ლარზე (86.4%) ხელშეკრულებები ახალქალაქის მერიამ გაუფორმა. ასევე, 497 957 ლარი (37.6%) კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. 

"მოსოიანებმა კომპანია 2019 წლის იანვარში მას შემდეგ გაყიდეს, რაც შპს ვემის მიერ 2014 წელს ახალქალაქის მერიაში, ოთხი სოფლის წყლის რეაბილიტაციაზე 75 000 ლარად მოგებული ტენდერის გამო, ახალქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების ოფისის მენეჯერი ვარდ მოსოიანი დააკავეს. მას 2018 წელს მითვისება–გაფლანგვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გამოძიების მტკიცებით, ვარდ მოსოიანის მეუღლის, ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიამ სამუშაოები ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და მუშა-ხელით განახორციელა". - წერია განცხადებაში. 

TI-ს კვლევით, შპს ვემის გაყიდვის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ხაჩიკ მოსოიანმა შპს გოლდ 777 დააფუძნა, რომელსაც დღემდე 26 შესყიდვით 1 362 711 ლარი დაერიცხა. აქედან ახალქალაქის მერიამ, 15 შესყიდვაზე, ჯამში, ხელშეკრულებები 783 614 ლარზე (57.5 %) გაუფორმა. ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 655 632 ლარი (48.1%)  ხაჩიკ მოსოიანის კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. 

2014-2018 წლებში შპს „ვემ-ის“ და 2019-2022 წლებში შპს „გოლდ 777-ის“ შესყიდვები

ჯამში, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ორივე კომპანიამ  უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით 1 153 589 ლარი (ჯამურად მიღებული თანხის 42.9%) მიიღო.

ხაჩიკ მოსოიანმა 2021 წლის 12 აგვისტოს მმართველი პარტიის ანგარიშზე 5 000 ლარი შეიტანა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს ვემისა და შპს გოლდ 777-ის სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს.

კომენტარები