სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს არ სჯერა, რომ პუტინი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, აშშ-ს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მისი განცხადებების მიუხედავად, მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რათა დაასრულოს ომი უკრაინაში.

ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილეს ჰკითხეს აფრიკის ქვეყნების ლიდერების უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შესახებ, სადაც ვლადიმირ პუტინმა მათთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის.

"რუსეთი განაგრძობს ომის დასრულების მიმართ ინტერესის გამოხატვას, თუმცა, პარალელურად, აფრიკელი ლიდერები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ თავშესაფრებში, რადგან მათი ვიზიტის დროს პუტინი უკრაინას ბომბავდა". - თქვა პატელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ასეთ შემთხვევაში "მოქმედებები სიტყვებზე უფრო მაღლა დგას", რუსეთის ნაბიჯები კი ომის დასრულების სურვილს არ გამოხატავს.

"ნათელია, რომ რუსეთის მოქმედებები – კიევის დაბომბვა, თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, საავადმყოფოებზე, არ გამოხატავს არანაირ ინტერესს მშვიდობის მიღწევასა და ომის დასრულებაში". - თქვა პატელმა.

კომენტარები