ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა (IDU) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზეა საუბარი.
"საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ციხეში ამყოფებს. ორივე მათგანი სხვა პოლიტპატიმრებთან მათ შორის, ლაზარე გრიგორიადისთან ერთად, უნდა გათავისუფლდნენ". – ნათქვამია ენმ-ს მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში.
ამასთან, პარტიის განცხადებით, IDU-მ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას და მის დამფუძნებელ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს საქართველო დემოკრატიული პრინციპებიდან გადაჰყავს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საფრთხეს უქმნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაშია. შიმშილობის რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ ის ამჟამად კლინიკა ვივამედში იმყოფება.





