მაღროელების პროტესტი

ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფეისბუქ გვერდზე "მაღაროელი" ვრცელდება. 

თბილისში მყოფმა გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილი დაიწყეს. პროტესტის მონაწილეებს კარვები საქართველოს პარლამენტთან აქვთ გაშლილი. როგორც ისინი ამბობენ, პროტესტის უკიდურესი ფორმა გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

"ელემენტარული თეთრების მომატებაზე გვაქვს პროტესტი, მშვიდობიანი აქცია - ჩვენ ეს ხმა ჩამოვიტანეთ თბილისში, ხალხი მხარს გვიჭერს, მაგრამ ამ უკიდურეს მდგომარეობამდე მიგვიყვანა ჩვენმა კომპანიამ და ჩვენმა მთავრობამ, რომ ყურიც არ შეიბერტყეს. ჩვენ დავემატებით მოშიმშლე ბიჭებს და მანამ ვიშიმშილებთ, სანამ ჩვენსას არ მივაღწევთ". - ამბობს არტემ სოფრომაძე, გაფიცული მაღაროელი ფორმულასთან საუბარში.

მე-10 დღეა, მაღაროელები შიმშილობენ ჭიათურაშიც. ჭიათურაში მე-15 დღეა, ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს.

18 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. კიდევ ერთმა დასაქმებულმა კი ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა, რომელიც შიმშილობს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მაღაროელთა 18 ივნისს პროტესტის შესახებ განცხადება გაავრცელა. კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევს და ჰპირდება, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასიც".

 

კომენტარები