შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნეს და 8 ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს, ტაქსის მძღოლებთან შეთანხმებით, ტურისტები მიჰყავდათ ბარში, სადაც მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ, ასევე, ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად და ემუქრებოდნენ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს - რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან - ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას". - წერია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები - 1968 წელს დაბადებული რ.მ. 1998 წელს დაბადებული ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც. ასევე, 1999 წელს დაბადებული დ.ბ. 1989 წელს დაბადებული დ.ა. 1992 წელს დაბადებული გ.კ. 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





