ჩინეთი-ტაივანი

ჩინეთი ტაივანის არჩევნებში ჩარევას შეეცდება - Reuters

REUTERS/Ann Wang

Reuters-ი შიდა წყაროებიდან მოპოვებულ უსაფრთხოების სამ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი ტაივანში გასამართ საკვანძო არჩევნებში საკომუნიკაციო აპლიკაციებისა და ჯგუფური ტურების საშუალებით პეკინისადმი მეგობრულად განწყობილი კანდიდატების დაფინანსებას და ამით არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას შეეცდება.

ტაივანელი მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, ველინგტონ ქუ იანვარში გასამართ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევაზე აქამდეც საუბრობდნენ, თუმცა კონკრეტულად როგორ განახორციელებდა პეკინი უკანონო დაფინანსების კამპანიას უცნობი იყო.

Reuters-ის თანახმად, ჩინეთმა შესაძლოა იმ პატარა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიზნით, რომლებიც კუნძულზე ჩინეთის სუვერენიტეტის გავრცელებას ემხრობიან, ფული პოპულარული სოციალური ქსელის, WeChat-ის საშუალებით გააგზავნოს. აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ფულის პირდაპირი გადარიცხვის შესაძლებლობას იძლევა და ტაივანშიცაა ხელმისაწვდომი.

ამასთან ერთად, ჩინეთმა შესაძლოა ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობით ჯგუფური ტურების მონაწილეებს ტაივანში ფული შეატანინონ. ჩინური იუანების ტაივანურ ვალუტაში გადასახურდავებლად კი კუნძულზე მოქმედ მიწისქვეშა საბანკო სისტემას გამოიყენებენ, რომლის არსებობის შესახებაც ყველამ იცის, თუმცა რეგულირება ვერ ხერხდება.

ანგარიშების მიხედვით დაფინანსების სხვა შესაძლო გზები მოიცავს საბანკო ბარათებს, რომლებიც ჩინურ UnionPay ქსელშია ჩართული, რაც ტაივანელებს ჩინეთში საბანკო ანგარიშებიდან ფულის გამოტანის და ტაივანში დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდებში პირდაპირი გადარიცხვების შესრულების საშუალებას აძლევს.

ტაივანის მოქმედი პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენის მთავრობა ტაივანელების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობების შესახებ ხშირად იტყობინება. არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შესაძლო ფაქტების აღსაკვეთად მიმდინარე წელს სამინისტროებს შორის თანამშრომლობით შესაბამისი სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა.

ტაივანის კანონმდებლობით "გარე მტრული ძალებისგან", მათ შორის ჩინეთისგან საარჩევნო კამპანიისთვის ფულის აღება არაკანონიერია.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები