ჰონდურასი

ჰონდურასის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბუნტს 41 პატიმარი ემსხვერპლა

Orlando Sierra/AFP

ჰონდურასის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბანდებს შორის დაპირისპირების შედეგად გამოწვეულ ბუნტს 41 ქალი ემსხვერპლა და სულ მცირე, 7 პატიმარი ჰოსპიტალიზებულია.

დაზარალებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. ზოგიერთი მათგანი დამწვრობით დაიღუპა.

შემთხვევას ჰონდურასის პრეზიდენტი, ქსიომარა კასტრო გამოეხმაურა. მან ინციდენტს ქალების "მხეცური მკვლელობების" სერია უწოდა. პრეზიდენტი მომხდარში ბანდებს ადანაშაულებს. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მკვეთრი ზომების მიღებას აპირებს.

სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელის, ჯულისა ვილანუევას თქმით, ციხეში დაპირისპირება საპატიმროებში არსებული კანონდარღვევების, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების პასუხია.

"ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას". - თქვა ვილანუევამ ბუნტის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში.

ჰონდურასის ციხეებში ბანდების მხრიდან კონტროლის გავრცელების მცდელობები ხშირია. პენიტენციურ დაწესებულებებში თავად პატიმრების მიერ დადგენილი შიდა წესები მოქმედებს და უკანონო ყიდვა-გაყიდვა მიმდინარეობს.

კომენტარები