რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პიატიხატკის გათავისუფლებას ადასტურებს

უკრაინელი სამხედროები ტანკში, ბახმუტის მახლობლად მდებარე პოზიციაზე. 2023 წლის 17 ივნისი.
AP Photo/Libkos

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლება პიატიხატკი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ცნობილი მისი ტელეგრამ-პოსტიდან გახდა.

"ორ კვირაში შეტევითი მოქმედებების შედეგად ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, მოცემულ დროში, ჯარების გაერთიანებულმა სტრატეგიულმა ჯგუფმა ტავრიამ გაათავისუფლა 8 დასახლებული პუნქტი: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევე, მაკაროვკა, ბლაგოდატნე, ლობკოვო, ნესკუჩნე და პიატიხატკი". – წერს მალიარი. 

მალიარის თქმით, ტავრიის მიმართულებით შეიარაღებული ძალების აქტიური მოქმედებები გრძელდება.

მალიარის ცნობით, ბოლო დღეებში ყველა მიმართულებით რუსი ოკუპანტების დანაკარგები, დაჭრილებისა და დახოცილების ჩათვლით, ჯამში 4 600 სამხედროა. მისივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს 80 ოკუპანტი.

დასახლება პიატიხატკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-2 მსროლელთა ბრიგადამ და 128-ე ცალკეულმა სამთო-მოიერიშე ბრიგადამ გაათავისუფლეს. ამ მიმართულებით რუსეთის მხარეს იბრძოდა ვლადიკავკაზის 429-ე მოტომსროლელთა პოლკი და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე მე-4 სამხედრო ბაზის ქვეითები და ტანკისტები, ბატალიონები შტორმ. ოსეთია და ალანია.

აქამდე, გასულ დღეს, 18 ივნისს ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი, ვლადიმირ როგოვი წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პიატიხატკიზე კონტროლი დაამყარეს. საპირისპირო ცნობა გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ირწმუნებოდნენ, რომ ამ პუნქტში იერიში მოიგერიეს.

18 ივნისს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთში უკრაინელი სამხედროების მოქმედებების შედეგად მოკვდა ოსი მარიონეტების ბატლაიონის, შტორმ. ოსეთიის მეთაურის მოადგილე, აივენგო ტეხოვი.

ბოლო ორი კვირაა რაც უკრაინამ ზაფხულის კონტრიერიში წამოიწყო. მოქმედებების შედეგად გათავისუფლებულია 8 დასახლება.

კომენტარები