NGO-ების განცხადება

NGO-ები: დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული 3 თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო

არასამთავრობო ორგანიზაციები ბორჯომში ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკზე ორკების თავდასხმას, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმასა და თსუ-ში სტუდენტებზე ფიზიკურ ძალადობას ეხმაურებიან. NGO-ების განცხადებით, სამივე შემთხვევა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია.  

ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.

2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. გირჩი – მეტი თავისუფლებისა და Institute For Individual Liberty-ის მიერ გამართულ ბანაკს მოძალადეებმა ესროლეს ქვები, წითელი საღებავები, აგინეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში. ერთ-ერთმა მოძალადემ სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს გენიტალიებიც უჩვენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმხილველების ცნობით, ძალადობას, სულ მცირე 40 წუთი, რეაგირების გარეშე ტოვებდა.

ასევე, დღეს თავს დაესხნენ “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში, ამავე ბანაკში, ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა.

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სალექციო აუდიტორიის გარეთ მშვიდობიანად, ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს – შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.

არასრულწლოვნებზე თავდასხმა არის სამარცხვინო საქციელი, რომელსაც მხოლოდ სუსტი და შეშინებული ადამიანები მიმართავენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

1. აფხაზური ამბები
2. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
3. ახალგაზრდული პლატფორმა We talk
4. დემოკრატიის მცველები
5. დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი
6. დემოსი
7. თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
8. თბილისი პრაიდი
9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
10. კომლი
11. ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი
12. მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი
13. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
14. მშობლები განათლებისთვის
15. პროფესიო
16. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
18. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
19. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
20. სალამი
21. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
22. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
23. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
24. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
25. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
26. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ქსელი
27. სასამართლოს გუშაგი
28. საფარი
29. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
30. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
31. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
32. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
33. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
34. ფემეა
35. ფემინა
36. ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო
37. ჩემი იმერეთი
38. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
39. წერტილი
40. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
41. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი
42. უფლებები საქართველო
43. მწვანეები 

დღეს, 17 ივნისს, ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრებს. 

პარტია ფიქრობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

ასევე, უცნობი პირი დაესხა თავს ზურაბ ჯაფარიძესაც. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა. 

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

კომენტარები