აშშ-საქართველო

მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაგრძელება – გუბერნატორი კემპი

ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი თავის მეუღლესთან, მარტი კემპთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ბრაიან კემპი აშშ-ს პირველი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ჯორჯიის გუბერნატორი აშშ-ს სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნას დაესწრო. 

"პირველი ლედისთვის, მარტი კემპისთვის და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯორჯიის შტატიდან საქართველოში ვართ ჩამოსული. უკვე ათწლეულებია ჩვენი პარტნიორობა შესანიშნავად მიმდინარეობს გენერალი კარდენის ხელმძღვანელობითა და ჩვენი გუნდის მეოხებით, რომლის წევრებიც ქართველი მცველების გვერდით დგანან. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვართ და მათი შრომის საუცხოო ნაყოფს ვხედავთ. ეს არის ჩვენი საერთო ღირებულებების, ჩვენი მხრიდან ქართველი ხალხის, განსაკუთრებით კი იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ერთგულების გამოხატულება. ვფიქრობ, კარგია, რომ მარტი და მე დღეს ამას ვხედავთ. ასევე კარგია, რომ ხალხი ხედავს, ჩვენ საერთო ღირებულებები გვამოძრავებს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს და ცხადია, მხარს ვუჭერთ იმ მისიას, რომელსაც ამერიკელი და ქართველი სამხედროები უკვე დიდი ხანია აქ აღასრულებენ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აქაურ ხალხს კარგად ესმის ის გეოპოლიტიკური პროცესები, რაც დღეს მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, ამ პროცესებში აშშ-ს ჩართულობა, უკრაინაში მიმდინარე ომი. ქართველ ხალხს ნამდვილად ესმის, რისი გამოვლა უწევთ უკრაინელებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჯორჯიის შტატს, აშშ-სა და საქართველოს შორის შესანიშნავი პარტნიორობის გაგრძელება". - აღნიშნა გუბერნატორმა წილკნის თავშესაფრის გახსნაზე ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

კომენტარები