რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაველი: ომის დროს რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი
REUTERS/David W Cerny

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა Radio Free Europe/Radio Liberty-სთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ისაუბრა. პაველის თქმით, ომის მდგომარეობაში დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში მეტი სიფრთხილე მართებთ და მათი უსაფრთხოების ზომები მეტად გამკაცრებული უნდა იყოს. 

"მე ვფიქრობ, რომ წარსულში გამოცდილი არაერთი კონფლიქტის მსგავსად, როცა ომის მდგომარეობაა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ თავდაცვითი ზომები უფრო უნდა გამკაცრდეს. დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ყველა რუსი გაცილებით უფრო ინტენსიური დაკვირვების რეჟიმში უნდა იყოს, ვიდრე წარსულში, რადგან ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელმაც აგრესიული ომი წამოიწყო". - აღნიშნა ინტერვიუში პაველმა. მისი განმარტებით, რუსეთის მოქალაქეების მონიტორინგი უსაფრთხოების სამსახურების მეთვალყურეობას უნდა გულისხმობდეს. 

ჩეხეთის პრეზიდენტი ამ წუთისთვის პუტინთან მოლაპარაკებებს არ განიხილავს, რადგან მეორე მხრიდან ამისთვის სათანადო ნიადაგს ვერ ხედავს.

"მე დიდად მოხარული არ ვარ იმის მოსმენით, რომ დასავლეთის ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს. გადაჭრით რომ ვთქვა, ახლა ამას ვერ წარმოვიდგენ. ლიდერები, რომლებიც უკიდურესად ცინიკურად არიან განწყობილი, ყოველდღიურად ცრუობენ და ინფორმაციას ამახინჯებენ. ისინი სისასტიკისთვის ადანაშაულებენ ქვეყანას, რომელსაც თავად დაესხნენ თავს. ძალიან რთული წარმოსადგენია ვინმემ ამ ადამიანთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა შეძლოს. თუ მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი კოლეგის სიტყვებს არ ენდობი, როგორ უნდა გქონდეს გონივრულ შეთანხმებამდე მისვლის იმედი". 

კომენტარები