რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა კვირები ან თვეებიც კი გაგრძელდეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა კვირები ან თვეებიც კი გაგრძელდეს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში გერმანიისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ის, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე გაგრძელდება. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ იმ ზღვრების ფარგლებში, რომლებიც საკუთარ თავს დავუწესეთ". - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, კონტრშეტევის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მან უნდა მოიტანოს ის პირობები, რომელიც კიევს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად მომგებიანი პირობებით დაიწყოს მოლაპარაკებები.

გარდა ამისა, მაკრონმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ევროპულ "ერთობაზე" ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების "უპირობო მხარდაჭერა უკრაინისადმი".

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსეთმა არამხოლოდ არ გაიმარჯვოს, არამედ ვერ შეძლოს ამ ომის გამეორება". - თქვა მაკრონმა.

კომენტარები