რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე: მსოფლიოს ნაწილი სამარცხვინოდ გულგრილია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ეკოციდისა და ადამიანურ ტრაგედიის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების სამარცხვინო გულგრილობაზე ისაუბრა. 

"ახლა, სამწუხაროდ, მსოფლიო რაღაც ნაწილი უბრალოდ სამარცხვინოდ გულგრილია იმ ეკოციდისა და ადამიანური ტრაგედიის მიმართ, რომელიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის ტერორისტული თავდასხმის გამო მოხდა. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იცავდნენ სიცოცხლეებს გლობალური მასშტაბით, ისინი ერთ კვირაშიც კი ვერ ახერხებენ სამაშველო მისიების შექმნას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაგზავნონ. ზოგიერთი გლობალური მოთამაშე კი ვერ ბედავს, მკაფიო და ძლიერი განცხადება გააკეთოს და რუსეთის ომის დანაშაული დაგმოს. ტერორისტები მსოფლიოს ამ სისუსტით საზრდოობენ. ეს გულგრილობა მათ ახალისებს. ჩვენ ეს უნდა დავძლიოთ". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონების ტერიტორიებიდან უკვე 3000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი "მხოლოდ ზოგიერთ რაიონშია შესაძლებელი ხალხის დახმარება – რუსი ტერორისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი იყოს".

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არანაირ რეალურ დახმარებას არ უწევს დატბორილ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს. 


6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები