უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხერსონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შედეგად დატბორილ ადგილებში ევაკუაცია გრძელდება.
"ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. სახელმწიფო საგანგებო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს!". - წერს ზელენსკი Telegram-ზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აზუსტებს მეტ დეტალს იმ ზიანზე, რომელიც რუსეთმა ამ კატასტროფით გამოიწვია.
"რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხალხის, ბუნების და საკუთრივ სიცოცხლის წინააღმდეგ განზრახ ჩადენილი ამ დანაშაულისთვის". - დასძინა მან.
ზელენსკის თქმით, 40-ზე მეტ დასახლებაში ადამიანებს ცხოვრება ურთულეს პირობებში უწევთ. ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა შეზღუდულია.
6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.
კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა.