საქართველო-ევროკავშირი

ბითაძე ევროპარლამენტარებზე: დღევანდელი განცხადებები პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია

"ის განცხადებები, რაც მესმის, ცოტა არ იყოს დამამწუხრებელი და იმედის გამაცრუებელია". – ქართული ოცნების დეპუტატი მაია ბითაძე ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულებაში არასრული და ხშირად ზედაპირულია. 

ბითაძის თქმით, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები საქართველოში პოლარიზაციას ზრდის. 

"თქვენი ინფორმაციისთვის, ზოგი განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ინფორმაცია უკვე გავრცელდა, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები აქ არიან და ამან მხოლოდ დღეისთვის უკვე გამოიწვია სიძულვილის ენა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ყველანი გავიზარდეთ და ჩვენს შვილებს ვზრდით იდეითა და შიშით, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა უბიძგებს რუსეთთან კონფლიქტს და მთელი სამყარო ამაზე საუბრობდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. 

მე ვარ პოლიტიკოსი, ვარ საქართველოს მოქალაქე, ვზრდი ქართველებს და მაქვს ერთი კითხვა: რა არის მიზეზი, რატომ მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია? რატომ დაიწყო რუსეთმა საქართველოში რამდენიმე ომი ჯერ 90-იანებში და შემდეგ 2008 წელს, რატომ დაგვიწესდა ემბარგო, რატომ გვყავს დევნილები და რატომ გვაქვს შიში ყოველდღე, რომ რუსეთი თავს დაგვესხმება? არის სხვა პასუხი ამაზე? - ნამდვილად მინდა, რომ ამაზე მკაფიო პასუხი მქონდეს. ყველამ ვიცით, რუსეთი ფიქრობს, რომ ჩვენ მათთვის ბუფერული ზონა ვართ და ნებისმიერი სხვა სახის ინტეგრაციისკენ სწრაფვა, მათთან დამატებით კონფლიქტამდე მიგვიყვანს. მე მესმის, რომ ახლა შესაძლოა ევროკავშირი და ჩვენი სხვა პარტნიორები ნანობენ, რომ 90-იანებში, 2008-ში ან უკრაინაში 2014 წელს პირველი ომის დროს, რუსეთისთვის საკმარისი სანქციები არ იყო დაწესებული. მაგრამ აქ დღეს ყველამ კარგად უნდა გაიგოთ, რამდენს ვაკეთებთ და რამდენს ვცდილობთ, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ". – ამბობს ბითაძე.

კომენტარები