რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რასმუსენი: არის შანსი იმისა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნებიდან ზოგიერთმა უკრაინაში ჯარი გაგზავნოს

NATO-ს ყოფილი მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მიიღებს, ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილი შესაძლოა უკრაინაში საკუთარი ჯარების გაგზავნისთვის მზად იყოს. 

რასმუსენი ამჟამად უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხებში პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის მოვალეობას ასრულებს. მისი კომენტარი სამიტთან დაკავშირებით NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გამოსვლას მოჰყვა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის განხილვა სამიტის დღის წესრიგში იქნება, თუმცა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, სრული უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ალიანსის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება. 

"თუ NATO უკრაინისთვის სამომავლო მკაფიო გზის დასახვაზე ერთიანად ვერ შეთანხმდება, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ დამოუკიდებლად მიიღოს სათანადო ზომები. ჩვენ ვიცით, რომ პოლონეთი აქტიურად არის ჩართული უკრაინის დახმარების პროცესში. არ გამოვრიცხავ, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, პოლონეთი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე მოვლენებში, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩართულობაც. არსებობს ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაც". - აღნიშნა რასმუსენმა. 

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის აზრით, თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა შესაბამის ბერკეტებს არ მიიღებს, პოლონეთი განიხილავს უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, პოლონელებს მიაჩნიათ, რომ წლების განმავლობაში ევროპა რუსეთთან დაკავშირებით მათ გაფრთხილებას უგულებელყოფდა და ეს შეხედულება ანგარიშგასაწევია. 

რასმუსენის თქმით, მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი არაა. მისივე თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნებიდან ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამ გზით უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს თავს აარიდებს. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ "უკრაინის ხანგრძლივად მოსაცდელ ოთახში დატოვება სახიფათოა". 

ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის მსგავსად არც უკრაინას უნდა მოსთხოვონ NATO-ში გაწევრიანების ისეთი წინაპირობების შესრულება, როგორიცაა მაგალითად NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. 

კომენტარები