თბილისის მერია

10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება – გზის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება

IPN

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. მისივე თქმით, რეკონსტრუქციის პერიოდში ქუჩის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ ქუჩაზე, რომელიც ძალიან დატვირთულია, ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება დღის განმავლობაში და ეს ქუჩა საჭიროებს რეაბილიტაციას. პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს და უმძიმეს მდგომარეობაშია, საჭიროებს განახლებას, მოწესრიგებას და ვიწყებთ ამ სამუშაოებით. 1 600 მეტის სიგრძის სავალ ნაწილზე დაეგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, გარე განათების ქსელი, ელექტროგადაცემის ქსელები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი". – თქვა კახა კალაძემ.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:

N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად. კერძოდ, სოფელ თხინვალადან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი იმოძრავებს სოფელ თხინვალას მიმართულებით.

ავტობუსები – N302, N304, N310, N392 უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან არსებულ წრეზე კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ მობრუნდებიან, სადაც მათი ბოლო გაჩერება იქნება.

კალაძის თქმით, მერიის მიერ ყველა პროექტი "ფუნდამენტურად კეთდება", ათეულ წლებს გაუძლებს და წლების განმავლობაში მხოლოდ გზის საფარის შეცვლის საჭიროება დადგება.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციაც, თუმცა მერია პროექტებს ეტაპობრივად დაიწყებს.

კომენტარები