ხელოვნური ინტელექტი

EU-ს სურს, Google-მა და Facebook-მა ხელოვნური ინტელექტის დაწერილი კონტენტის მონიშვნა დაიწყონ

ონლაინ დეზინფორმაციის შეზღუდვის მიზნით, ევროკომისიას სურს, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორიცაა Google, Facebook და TikTok, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის მონიშვნა დაიწყონ, რათა მომხმარებლებისთვის ინფორმაციის წყაროს გაგება გამარტივდეს. 

ChatGPT-ისა და DALL-E-ს მსგავსი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტი, ვიდეო და აუდიო მასალები ონლაინ სივრცეში სულ უფრო და უფრო ვრცელდება, ამიტომ ევროკომისიამ ონლაინ კომპანიებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ კამპანიისკენ მოუწოდა.

მანამდე, თეთრ სახლში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შეხვდნენ და მათ მოუწოდეს, დაიცვან საზოგადოება ხელოვნური ინტელექტის (AI) საფრთხისგან. 

სუნდარ პიჩაის Google-იდან, სატია ნადელას Microsoft-დან და OpenAI-იდან სემ ალტმანს განუცხადეს, რომ მათ საზოგადოების დასაცავად "მორალური ვალდებულება" აქვთ.
თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ახლო მომავალში სფეროს რეგულირება გამორიცხული არაა. 
ახლახან გამოშვებულმა AI პროდუქტებმა, როგორიცაა ChatGPT და Bard საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და იმ შესაძლებლობამ, რომ წამებში შეაჯამოს ინფორმაცია, გამართოს კომპიუტერის კოდი, გაამზადოს პრეზენტაციები და დაწეროს პოეზიაც კი, განაახლა დებატი - რა როლი შეიძლება ჰქონდეს AI-ის საზოგადოების განვითარებაში. 

მანამდე, მაისის დასაწყისში ბრიტანელ-ამერიკელმა კოგნიტიურმა ფსიქოლოგმა და კომპიუტერულმა მეცნიერმა, ხელოვნური ინტელექტის "ნათლიად" მიჩნეულმა, 75 წლის ჯეფრი ჰინტონმა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შეშფოთების გამო Google-ი დატოვა.

კომენტარები