Studio Ghibli

Studio Ghibli ჰაიაო მიაძაკის ბოლო ფილმს ტრეილერის გარეშე გამოუშვებს

იაპონურ ჟურნალ Bungei Shunju-სთვის მიცემულ ინტერვიუში, პროდიუსერმა ტოშიო სუძუკიმ თქვა, რომ Studio Ghibli ჰაიაო მიაძაკის მომდევნო და სავარაუდოდ, ბოლო ფილმს ყოველგვარი ტრეილერისა და მარკეტინგის, სატელევიზიო თუ საგაზეთო რეკლამირების გარეშე გამოუშვებს.

მიუხედავად ამისა, მაყურებელს გარკვეული ინფორმაცია ახალი ფილმის, სახელწოდებით How Do You Live? (როგორ ხარ?) შესახებ მაინც აქვს. დეკემბერში Studio Ghibli-მ გამოაქვეყნა ანიმეს პოსტერი, ხოლო მანამდე, 2017 წლის ინტერვიუს დროს მიაძაკიმ თქვა, რომ ფილმი 1937 წელს გენძაბურო იოშინოს იგივე სახელწოდების ნოველითაა ინსპირირებული.

ცნობილია, რომ მიაძაკიმ ახალ პროექტზე მუშაობა 2016 წელს, მისი უკანასკნელი ფილმის, The Wind Rises (ქარი მატულობს) დასრულებისას გამოცხადებული პენსიიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო.

ჰაიაო მიაძაკიმ 2003 წელს საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ფილმისთვის Spirited Away (მოჩვენებების მიერ გატაცებულნი) ოსკარი დაიმსახურა. იმავე ნომინაციაში ფილმებისთვის Howl’s Moving Castle (ჰოულის მოსიარულე კოშკი) და Wind Rises (ქარი მატულობს) 2006 და 2014 წლებში ორჯერ იყო წარდგენილი, ხოლო 2015 წელს საპატიო ოსკარი გადაეცა.

ფილმი How Do You Live? (როგორ ხარ?) იაპონიაში 14 ივლისს გამოვა.

კომენტარები