რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გლადკოვი: დღეს ჩვენ მიერ შექმნილ ფონდში არ არის საკმარისი თანხა აღდგენითი სამუშაოებისთვის

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა დააჩქარონ სამუშაოები დაბომბვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება

გლადკოვის განმარტებით, აღდგენითი სამუშაოებისთვის საკმარისი თანხა ფონდში, რომელიც ამავე მიზნით შეიქმნა, არ აქვთ.

გარდა ამისა, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის თქმით, შებეკინსკის რაიონის სამ დასახლებულ პუნქტში თანხის უქონლობის გამო აღდგენით სამუშაოებს ვერ იწყებენ.  

"დღეს ჩვენს მიერ შექმნილ ფონდში არ არის საკმარისი თანხა აღდგენითი სამუშაოებისთვის". - თქვა გლადკოვმა.  

ამასთანავე, შებეკინსკის რაიონის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჟდანოვმა აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში სროლის შედეგად 1 150 ბინა 67 კორპუსში და 370 კერძო სახლი განადგურდა ან დაზიანდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში დანგრეული საცხოვრებელი სახლების რაოდენობამ 2 464-ს მიაღწია.

რუსული გამოცემის ცნობით, გასული კვირის ბოლოდან მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო ქალაქ შებეკინოს დატოვება, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ოფიციალურ ევაკუაციას არ აცხადებს, მაგრამ მოსახლეობას თავშესაფრით უზრუნველყოფას ჰპირდება. 

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, ოლქის მიმართულებით 650 ჭურვი ისროლეს

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

კომენტარები