თბილისის აეროპორტი

ღარიბაშვილი: გვინდა გავხდეთ საავიაციო ჰაბი, ახალი აეროპორტისთვის ვაზიანის აეროდრომი შეირჩა

რადიო თავისუფლება

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თბილისთან ახალი აეროპორტის მშენებლობის შესაძლებლობაზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ სურთ, ქვეყანა "რეგიონში საავიაციო ჰაბი" გახდეს და ამ მიზნით ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია შეირჩა. მისივე თქმით, ამჟამად პროექტის შესწავლა მიმდინარეობს.

"დღეს გვაქვს საშუალებაც, გამოცდილებაც, და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო. მინდა, მოკლედ შევაფასო, დღეს არსებული აეროპორტი, ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის დამაკმაყოფილებელი და ვერ უძლებს, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, ჩვენს ამბიციურ მიზნებს.

[...] მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია, თუ გვინდა 20, 30, 50 და თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ქვეყანაზე ვიზრუნოთ და ჩვენ მომავალ თაობებს დავუტოვოთ სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ადგილი, თბილისში, შეიძლება ითქვას იდეალური ამ მიზნით არის ვაზიანის ყოფილი აეროდრომი. ამიტომ, ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ჩვენი სურვილია  ამ პროექტის შესასწავლად ჩამოვიყვანოთ საუკეთესო მშენებლები, არქიტექტორები, ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება". – თქვა ღარიბაშვილმა.

15 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ თბილისის აეროპორტისთვის ახალ ლოკაციას სწავლობენ. მისი თქმით, თბილისის არსებული აეროპორტი "გრძელვადიან ამოცანებს" ვერ უპასუხებს. ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ "ეს არ არის მარტივი და ერთდღიანი პროცესი".

დავითაშვილის თქმით, კომპანია TAV-თან ხელშეკრულებები თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2027 წელს სრულდება, რის შემდეგაც, "ოპერატორი კომპანია იქნება TAV-ი ან სხვა, რომელიც შეირჩევა ღია კონკურენციის პირობებში".

კომენტარები