რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა ომის შემდეგ NATO-ში გაწევრიანების მიზნით დასავლეთზე ზეწოლას აორმაგებს – POLITICO

 უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვოლოდიმირ გავრილოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვოლოდიმირ გავრილოვის თქმით, უკრაინას სურს რუსეთზე სამხედრო გამარჯვების მიღწევიდან "ძალიან მოკლე დროში" NATO-ს წევრი გახდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიტანულ გამოცემა POLITICO-სთან ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, ამ განცხადებით კიევი ომის შემდეგ NATO-ში გაწევრიანების გარანტიის მიღების მიზნით დასავლეთზე ზეწოლას აორმაგებს.

"ჩვენ გვსურს მოვისმინოთ გეგმა ან საგზაო რუკა, ან ქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა განხორციელდეს ორივე მხარის - NATO-სა და უკრაინის მიერ, რათა მივაღწიოთ წევრობას ძალიან მოკლე დროში. ამავდროულად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ბლოკში [შეერთების] პროცესი ძალიან, ძალიან ხანმოკლე იქნება" - თქვა გავრილოვმა.

ამასთან, გავრილოვის თქმით, მას ესმის, რომ ბლოკში გაწევრიანება ომის დასრულებამდე შეუძლებელი იქნება.

ინტერვიუში ვოლოდიმირ გავრილოვმა ასევე მოუწოდა პეკინს, თავი შეიკავოს მოსკოვისთვის სამხედრო მარაგების გაგზავნისგან და თქვა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის  ნორმალური სავაჭრო საქმიანობის გაგრძელება "გასაგებია".

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, NATO-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ შედეგად, უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალს იმაზე, თუ როდის შეძლებს ბლოკში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან გამოცემა Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"NATO-ს ზოგიერთ ქვეყანას იმდენად აშინებს რუსეთი, რომ მზად არ არიან, უკრაინა ბლოკში იხილონ. თუ ჩვენ ვილნიუსში არ დაგვინახავენ და რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ, მე მჯერა, რომ უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება. 

ჩვენ გვესმის, რომ ომის დროს ვერ გავწევრიანდებით NATO-ში, ან უსაფრთხოების რომელიმე ძლიერ ბლოკში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთ ფრაზად: "უკრაინა იქნება NATO-ში ომის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს უსაფრთხო იქნება?". - დასძინა ზელენსკიმ. 

 

კომენტარები