რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლენკო: უკრაინა-რუსეთს შორის რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები არ არსებობს

ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ინდონეზიის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას ეხმაურება

"ინდონეზია მნიშვნელოვანი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ ყურადღებას, რომელსაც ინდონეზია უკრაინაში მშვიდობის აღდგენის კუთხით იჩენს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასკვნები საკუთარი ისტორიიდან გამოაქვს. უკრაინასა და რუსეთს შორის არ არსებობს რეფერენდუმის ჩასატარებლად სადავო ტერიტორიები. აგრესიის შედეგად რუსეთმა დაიკავა ყირიმი, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილები. ფაქტები გაეროს ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაწერილი". - წერს ნიკოლენკო Facebook-ზე.

ნიკოლენკოს თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არმია გენოციდს აწყობს და რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს, რათა უკრაინამ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლაინობა აღადგინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ალტერნატიული სცენარები არსებობდეს.

ნიკოლენკო აღნიშნავს, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს უკრაინის კონტრშეტევა ჩაშალოს. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის გარეშე რუსეთს საშუალებას მისცემს, იყიდოს დრო, გადაჯგუფდეს, დაიმკვიდროს ფეხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დააგროვოს ძალა აგრესიის ახალი ტალღისთვის.

"გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში ნიშნავს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას რუსული ოკუპაციისგან. სწორედ ამისკენაა უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა მიმართული". - წერს ნიკოლენკო.

ნიკოლენკომ ინდონეზიას მოუწოდა, შეუერთდეს ზელენსკის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულის აქტიურ განხორციელებას.


3 ივნისს, ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ უკრაინაში ომის დასასრულებელი სამშვიდობო გეგმა წარადგინა

სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნას და "სადავო ტერიტორიებზე" UN-ის მიერ რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობს. 

მისი თქმით, დემილიტარიზებულ ზონას გაეროს მიერ განლაგებული სამშვიდობო ძალები უნდა აკვირდებოდეს. ამასთან, გაეროს რეფერენდუმი "სხვადასხვა სადავო ტერიტორიების მაცხოვრებლების უმრავლესობის სურვილების გასარკვევად" უნდა ჩატარდეს. 

კომენტარები