რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თუ NATO-სგან მკაფიო სიგნალს არ მივიღებთ, ვილნიუსის სამიტზე არაფერი გვესაქმება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
WSJ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, NATO-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ შედეგად, უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალს იმაზე, თუ როდის შეძლებს ბლოკში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან გამოცემა Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის განმარტებით, მას ესმის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეუძლებლობა იქამდე, სანამ ომი გრძელდება, მაგრამ კიევისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია გაიგოს, რომ უკრაინა ომის შემდეგ ბლოკის წევრი გახდება. 

"NATO-ს ზოგიერთ ქვეყანას იმდენად აშინებს რუსეთი, რომ მზად არ არიან, უკრაინა ბლოკში იხილონ. თუ ჩვენ ვილნიუსში არ დაგვინახავენ და რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ, მე მჯერა, რომ უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება. 

ჩვენ გვესმის, რომ ომის დროს ვერ გავწევრიანდებით NATO-ში, ან უსაფრთხოების რომელიმე ძლიერ ბლოკში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთ ფრაზად: "უკრაინა იქნება NATO-ში ომის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს უსაფრთხო იქნება?". - დასძინა ზელენსკიმ. 

ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით მისი მოლოდინების შესახებ კითხვაზე, ზელენსკიმ თქვა, რომ არ იცის, მიიღებს თუ არა კიევი იმ სიგნალს, რომელსაც ელის.

მანამდე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოსლოში NATO-ს მინისტრების შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დროა, უკრაინამ მკაფიო პასუხი მიიღოს კითხვაზე, თუ როდის და როგორ შეძლებს NATO-ში გაწევრიანებას. 

მეორე მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი ივლისში ვილნიუსის სამიტზე დღის წესრიგში არ უნდა იყოს. სიიარტოს მტკიცებით, ასევე არ უნდა იქნეს განხილული უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გრაფიკი.

უნგრეთი, რომელიც როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს წევრი ქვეყანაა, არაერთხელ შეეწინააღმდეგა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს და რამდენჯერმე ალიანსის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტიც დაბლოკა. ამ მიზეზით, უნგრეთი არაერთხელ გახდა დასავლელი ქვეყნების კრიტიკის ობიექტი.

კომენტარები