რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში შეჭრა პუტინის დიდი სტრატეგიული კრახია – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ომის დასრულების მიზნით, უკრაინის მიმართ ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დათმობის მოწოდებები მხოლოდ და მხოლოდ პუტინის წამოწყებული აგრესიის ლეგიტიმაციას ემსახურება და სამომავლოდ მსგავსი ტიპის თავდასხმების წახალისებას უწყობს ხელს. ფინეთში ვიზიტისას ბლინკენმა უკრაინაში შეჭრას პუტინის დიდი სტრატეგიული კრახი უწოდა, რომელსაც მოსკოვის იზოლაცია, ერთ დროს ცნობილი, როგორც უძლეველი არმიის მითის მსხვრევა და ეკონომიკური შესუსტება მოჰყვა. 

"ცეცხლის შეწყვეტა, რაც არსებული საზღვრების ჩარჩოებში კონფლიქტის გაყინვას ნიშნავს, პუტინისთვის დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის გაძლიერებას შესაძლებელს გახდის. ეს არის შესვენების შანსი, რათა თავიდან დაიწყოს თავდასხმა. ასე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ვერ მიიღწევა. ეს რუსეთის მხრიდან მიწების მიტაცების ლეგიტიმაციას ემსახურება. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს აგრესორს და სჯის მსხვერპლს".  - აღნიშნა ბლინკენმა. მისივე თქმით, აშშ მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს მოლაპარაკებების შესაძლებლობას, თუ რუსეთი რეალურ მშვიდობაზე დაფიქრდება და ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით დაიწყებს. 

ბლინკენის გამოსვლა ერთგვარი გამოხმაურებაა ბოლო პერიოდში უკრაინის მიმართ გახმოვანებული მოწოდებებისა, რომლებიც ჩინეთისა და ბრაზილიის მხრიდან გავრცელდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნების, რუსეთის მხრიდან ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის აღების გზით არის შესაძლებელი.  

კომენტარები