რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა ომის შემდეგ ისტორია არ განმეორდეს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Stian Lysberg Solum/AFP/Getty Images

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა ომის დასრულების შემდეგ ისტორია არ განმეორდეს.

"ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შუა ომში უკრაინას NATO-ს სრულუფლებიან წევრად ვერ ვაქცევთ, მაგრამ, მეორე მხრივ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, თუ რა მოხდება ომის დასრულების შემდეგ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება". - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ომის დასრულების შემდეგი პერიოდი შესაძლოა რუსული ძალების გადაჯგუფებისა და ხელახლა შეტევის რისკს შეიცავდეს.

გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა NATO და უკრაინა არასწორად შეაფასა. მისი განმარტებით, ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. 

"უკრაინელებისთვის ტრაგიკული იქნება, თუ პუტინი გაიმარჯვებს, თუმცა, ეს ასევე საშიშია ჩვენთვისაც, ვინაიდან პუტინის გამარჯვება იქნება გზავნილი როგორც მისთვის, ისე ნებისმიერი ავტორიტარი ლიდერისთვის, მათ შორის, პეკინისთვის, რომ როდესაც ისინი ძალას მიმართავენ, მიიღებენ იმას, რაც სურთ და ეს ჩვენც, NATO-ს მოკავშირეებს, აშშ-სა და ევროპას მეტად დაუცველს გაგვხდის". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები