რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ქალაქ ბელგოროდში დაუდგენელი მოწყობილობა, რომელიც აფეთქდა, სავარაუდოდ დრონი იყო. ამის შესახებ იგი თავის ტელეგრამზე წერს.
"ბელგოროდში დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი გზის სავალ ნაწილზე დაეცა". - წერს გლადკოვი.
გლადკოვის თქმით, ორი მამაკაცი მსუბუქად დაზიანდა. ასევე, აფეთქებამ ერთი მანქანა დააზიანა.
მანამდე, ტელეგრამში გავრცელდა აფეთქების შედეგად კვამლის ვიდეოები. ერთ-ერთ ვიდეოში, ქალაქის ცენტრში, მაღალსართულიან კორპუსში ჩამსხვრეული ფანჯრები ჩანს. ასევე, ტელეგრამ არხების ინფორმაციით, გადაიკეტა ქალაქის მთავარი ქუჩაც.
ცნობები აფეთქების შესახებ გავრცელდა მას შემდეგ, რაც დღეს, 1-ელ ივნისს რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მებრძოლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. მათ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნეს სამხედროების ფოტოები წარწერით: "ვმუშაობთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს!". ამას გარდა, მათივე ცნობით, შებეკინოსთან ბრძოლები უკვე მიმდინარეობს.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, "უკრაინული ტერორისტული ფორმირებების" მიერ საზღვრის დარღვევის მცდელობა აღკვეთეს და მათი თავდასხმა მოიგერიეს. მათივე მტკიცებით, მოკლეს მოწინააღმდეგის 30 სამხედრო.
BAZA-ს ინფორმაციით, შებეკინოს დასახლება გასულ ღამეს მძიმე დარტყმების ქვეშ იყო და ერთი ჭურვი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტსაც მოხვდა. მოსახლეობის ნაწილმა ევაკუაცია გასულ ღამეს დაიწყო.
РДК-ს ლიდერმა, დენის კაპუსტინმა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩიან. მისი თქმით, მათი ევაკუაცია არ შეუძლიათ, რადგან რუსეთის ძალები ამ ტერიტორიას ბომბავენ. კაპუსტინმა დასახლების მაცხოვრებლებს მოუწოდა, რომ სახლები არ დატოვონ.
22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.
რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.
ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.
22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.
უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.
პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებებიჩაატარა.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".