რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსულ ჯგუფებსა და რუსეთის ძალებს შორის საზღვარზე შეტაკებებია

რუსული მოხალისეთა კორპუსი
Finbarr O'Reilly/The New York Times

უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფები, რუსული მოხალისეთა კორპუსისა (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლების მებრძოლები აცხადებენ, რომ კვლავ შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ვიდეომიმართვებს ისინი საკუთარ ტელეგრამ-არხებზე ავრცელებენ. ინფორმაცია სასაზღვრო შეტაკებებზე ვრცელდება რუსულ ტელეგრამ-არხებზეც.

ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ შეტაკებები ბელგოროდის ოლქში, შებეკინოს გამშვებ პუნქტთან მიმდინარეობს. ამავე ინფორმაციით, სასაზღვრო ობიექტს ცეცხლი ტანკებიდან გაუხსნეს. წერენ, რომ პროუკრაინულ ჯგუფებს მესაზღვრეები და რუსეთის თავდაცვის ძალები წინააღმდეგობას უწევენ.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, მოწინააღმდეგე რუსეთის ტერიტორიაზე არ გადმოსულა და მხოლოდ მასობრივი დარტყმები მიმდინარეობს საზღვრის მეორე მხრიდან.

BAZA-ს ინფორმაციით, შებეკინოს დასახლება გასულ ღამეს მძიმე დარტყმების ქვეშ იყო და ერთი ჭურვი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტსაც მოხვდა. მოსახლეობის ნაწილმა ევაკუაცია გასულ ღამეს დაიწყო.

РДК-ს ლიდერმა, დენის კაპუსტინმა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩიან. მისი თქმით, მათი ევაკუაცია არ შეუძლიათ, რადგან რუსეთის ძალები ამ ტერიტორიას ბომბავენ. კაპუსტინმა დასახლების მაცხოვრებლებს მოუწოდა,  რომ სახლები არ დატოვონ.

ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში კი ამბობენ, რომ ისინი მთელი რუსეთის გათავისუფლებას აპირებენ.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებებიჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები