რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლაიენი: ფორუმზე ომის მიზეზებს განვიხილავდით – რუსეთი უკრაინაში უმიზეზოდ შეიჭრა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 მარტს ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP

ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზებთან დაკავშირებით ისაუბრა და მსოფლიოს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა. 

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ომი ცალსახად რუსეთმა დაიწყო და მისი მიზანი უკრაინის განადგურებაა. 

"პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გაანადგუროს ჩვენი სამშვიდობო საქმიანობის შედეგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რკინის ფარდის დაცემის შემდეგ ერთობლივი შრომით შევქმენით. სწორედ ეს არის ქალბატონებო და ბატონებო ომის საწყისი. რამდენადაც მე მესმის, ჩვენ ამ ფორუმზე ომის გამომწვევ მიზეზებს განვიხილავდით, ამიტომ ნება მომეცით ცხადად განვაცხადო, რომ ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი რუსეთმა დაიწყო. მიზეზგარეშე შეიჭრა უკრაინაში, რათა ქვეყანა რუკიდან გაექრო. რუსეთი უარს ამბობს ცნოს უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ უკრაინელების ნებამ, ებრძოლათ და ყოფილიყვნენ თავისუფალი, მთელი მსოფლიო გააოცა. უკრაინელებმა მტკიცედ იციან სად არის მათი ადგილი. წლების განმავლობაში უკრაინელი ხალხი იყო ევროკავშირისკენ სვლის არქიტექტორი. დროთა განმავლობაში მათ აჩვენეს გამბედაობა და დაამტკიცეს მიზანდასახულობა. ჩვენ ვერასდროს გავუტოლდებით უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და მსხვერპლშეწირვას. თუმცა ჩვენ შეგვიძლია (და ეს უნდა გავაკეთოთ კიდეც), მტკიცედ ვიდგეთ უკრაინის გვერდში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. პირველადი საჭიროება, როგორც იცით, არის სამხედრო დახმარება". - აღნიშნა ფორუმზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც წარსდგა, რომელსაც ანალოგიური შეკითხვა დაუსვეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი. ღარიბაშვილმა შეკითხვაზე უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი.

კომენტარები