რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრასნოდარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

კრასნოდარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა. გუბერნატორის მტკიცებით, მიზეზი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმაა. ბოლო კვირის განმავლობაში ეს რუსეთის სასაზღვრო ქალაქზე მესამე თავდასხმის შემთხვევაა. 

"ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე სევერსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა. მაზუთის დისტილაციის ერთ-ერთ განყოფილებას ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი პროგნოზით მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმაა". - წერს კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი Telegram-ზე. 

მედიის ცნობით, თავდასხმა დაახლოებით 03:00-ზე მოხდა. ცეცხლი მალევე ჩააქრეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

რუსული მხარე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინა აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

ტელეგრამ-არხ Baza-ზე ვრცელდება ინციდენტის ამსახველი კადრები. 


კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა 26 მაისის ღამითაც. 

გამოცემის ინფორმაციით, კრასნოდარის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სულ მცირე ორი ძლიერი აფეთქება გაისმა ქალაქის ცენტრში დაახლოებით დილის 4 საათზე. 

Baza-ის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მას შემდეგ დაიწყეს ოპერაცია, რაც ქალაქს უპილოტო თვითმფრინავი დაესხა თავს. 

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიის ოპერატიული შტაბმა ინფორმაცია ქალაქში აფეთქების შესახებ დაადასტურა.

ამასთან, რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ზე წერდა, რომ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში მდებარე „გაზპრომის“ შენობას უპილოტო თვითმფრინავი დაესხა თავს. 

Baza-ს ცნობით, თავდასხმა 25 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. აღნიშნულია, რომ გაზპრომის შენობა დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

რუსეთმა 29-30 მაისის ღამეს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებით უკრაინაზე იერიში მიიტანა, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 31 შაჰედიდან 29-ის განადგურება შეძლო. ინფორმაციას საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლეშჩუკი Telegram-ზე ავრცელებს.

მისივე თქმით, 2023 წლის 29-30 მაისის ღამეს, 23:30 საათიდან 04:30 საათამდე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას ირანული წარმოების Shahed-136/131-ის ტიპის დრონებით.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციითვე, თითქმის ყველა დრონი კიევისა და მისი გარეუბნების მიმართულებით იყო გაშვებული. 

პარალელურად, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ადასტურებს.

კომენტარები