რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: კიევისკენ რუსეთის მიერ გაშვებული 31 ირანული დრონიდან 29 გავანადგურეთ

რუსეთმა 29-30 მაისის ღამეს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებით უკრაინაზე იერიში მიიტანა, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 31 შაჰედიდან 29-ის განადგურება შეძლო. ინფორმაციას საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლეშჩუკი Telegram-ზე ავრცელებს.

მისივე თქმით, 2023 წლის 29-30 მაისის ღამეს, 23:30 საათიდან 04:30 საათამდე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას ირანული წარმოების Shahed-136/131-ის ტიპის დრონებით.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციითვე, თითქმის ყველა დრონი კიევისა და მისი გარეუბნების მიმართულებით იყო გაშვებული. 

პარალელურად, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ადასტურებს.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ოლქის სხვა რეგიონებშიც გააქტიურდა. 

აქამდე ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსკოვში ორი შენობის დაზიანებასა და ცაში შემჩნეულ დრონებზე. ასევე გავრცელდა კადრები, რომლებშიც მოსკოვში ჩამოგდებული დრონის ნაწილები ჩანდა.

კომენტარები