ცოდნის კაფე

ფოტოამბების კონკურსი ვერცხლისფერთმიანებზე

ცოდნის კაფემ ფოტოამბების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის 25 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ცოდნის კაფე ახალგაზრდებს სთავაზობს უფროსი თაობის ადამიანების შესახებ ფოტო-ამბები შექმნან, დაესწრონ ონლაინ მასტერკლასებს და მოიგონ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა რუმინეთში; ზუმერის 1 500, 1 000 და 500-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი და სხვა პრიზები.

"კონკურსის მიზანია საინტერესო უფროსი თაობის აღმოჩენა და ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანების დაახლოება, ურთიერთაღმოჩენისა და ურთიერთმხარდაჭერის გამოცდილებების შექმნა. ამისთვის, ცოდნის კაფე ახალგაზრდებს სთავაზობს - გადაუღონ ფოტო და წერილობით მოყვნენ ამბები უფროსი თაობის (55+ ასაკის) ოჯახის წევრზე, თანაქალაქელებსა თუ თანასოფლელებზე. ფოტოთი და წერილობით გააცნონ უფროსი თაობის ნიჭები და ცოდნები, მცირე ან დიდი მიღწევები, შთამაგონებელი ყოველდღიურობა, მათი ფიქრები დაბერებაზე, ან მათი ისტორიები შეუპოვრობაზე" - ამბობენ ორგანიზატორები.

ცოდნის კაფე კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს მასტერკლასს ფოტოგრაფიასა და ციფრულ თხრობაზე.

ონლაინ მასტერკლასებს გაუძღვებიან:

  •  ტელეწამყვანი - დავით გორგილაძე;
  • ფოტოგრაფი - ნათელა გრიგალაშვილი;
  • ზეპირი ისტორიების მკვლევარი - თამთა თათარაშვილი

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

საქართველოში მცხოვრებ 13-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც მეილზე 9 ივნისამდე გააგზავნიან ტელეფონით ან ფოტო კამერით გადაღებულ ფოტოს და ისტორიას (მაქს.300 სიტყვა და 1 ფოტო) შერჩეული უფროსი თაობის ადამიანის შესახებ;

კონკურსის მონაწილეებმა მეილის სათაურში უნდა მიუთითონ - "ვერცხლისფერთმიანებზე", მეილით დატოვონ შემდეგი მონაცემები: კონკურსანტის სახელი გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, უფროსი თაობის ადამიანის სახელი გვარი და ასაკი.

კონკურსში მონაწილეობის პირველადი საკონკურსო ნამუშევრები, ან შეკითხვები კონკურსის შესახებ, შესაძლებელია გააგზავნოთ მეილზე: [email protected] ან ცოდნის კაფეს FB გვერდზე არაუგვიანეს 8 ივნისისა.

კონკურსის მეორე ეტაპზე - მონაწილეები გაივლიან ონლაინ მასტერკლასს, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნებათ, დახვეწოთ წარდგენილი საკონკურსო ნამუშევარი. კონკურსის ორგანიზატორია ცოდნის კაფე. კონკურსის მხარდამჭერია და მეგობარია "ზუმერი" და "ICPI".

კონკურსი ტარდება USAID-ს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ვერცხლისფერთმიანთა მოძრაობის ფარგლებში. 

კომენტარები