საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 7 პირი ამხილა. მათგან 5 პირი დაკავებულია, რომელთა შორის 1 ლიეტუვას მოქალაქეა, ხოლო 2 პირს ბრალდება წარედგინა.

საგამოძიებოს ინფორმაციით, ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ, რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით  პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულები ზემო აღნიშნულ ინფორმაციას, მათ ნებაყოფლობით უგზავნიდნენ.

ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დაზარალებულების მშობლებს, ახლო ნათესავებს და ნაცნობებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.

"ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები, 1978 წელს  დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე, დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. აღნიშული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენდა. ზ.ც.-მ 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან და  2023 წლის მარტის თვეში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე,  მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა".- აღნიშნულია განცხადებაში. 

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები