NATO-რუსეთი

რუსეთსა და NATO-ს შორის ომის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის – ჩეხეთის გენშტაბის უფროსი

ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი, კარელ ჟეჰკა რუსეთსა და NATO-ს შორის ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი მომზადება.

"რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ომი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარია, არ არის შეუძლებელი, ეს შესაძლებელია". - თქვა ჟეჰკამ.

კარელ ჟეჰკას თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, მოემზადონ პოტენციური ინტენსიური კონფლიქტისთვის, რადგან "რუსეთი ახლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კონფლიქტისკენაა მიმართული".

"ჩეხეთის რესპუბლიკა NATO-ს წევრი ქვეყანაა და ამას მოაქვს სარგებელი, თუმცა, ასევე აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. ომის დაწყების შემთხვევაში, ჩეხი ჯარისკაცების დიდი ნაწილი შეუერთდება საბრძოლო მოქმედებებს ალიანსის გეგმების შესაბამისად". - თქვა ჟეჰკამ.

გარდა ამისა, ჩეხეთის გენშტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წარმოებული ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, მათ შორის, რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა.

კომენტარები