დიდი ბრიტანეთი

Telegraph: სუნაკი სუპერმარკეტებში ძირითად პროდუქტებზე ფასის ჭერის დაწესებას გეგმავს

CCHQ

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაუნინგ სტრიტი საცალო ვაჭრობის ობიექტებში ძირითადი საკვები პროდუქტებისთვის ფასის ჭერის დაწესებას გეგმავს. ამ გზით პრემიერმინისტრის ოფისი თვლის, რომ ბრიტანეთის მოსახლეობას მზარდი ხარჯების დაძლევაში დაეხმარება

როგორც ირკვევა, მთავრობამ საცალო მოვაჭრეებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. The Telegraph-ი წერს, რომ ეს ნაბიჯი უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში ბრიტანეთში სუპერმარკეტების ფასების კონტროლის ყველაზე მასშტაბური მცდელობაა. თუმცა, პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, საცალო მოვაჭრეების ნებისმიერი ქმედება ნებაყოფლობითი იქნება.

სასურსათო პროდუქტებზე ფასების ჭერის დაწესების საჭიროება გამოიწვია ბრიტანეთში მზარდმა ინფლაციამ, რამაც, თავის მხრივ საყოფაცხოვრებო ხარჯები გაზარდა.

"სასურსათო ინფლაცია ბევრად უფრო მდგრადი და რთულად აღმოსაფხვრელია, ვიდრე ჩვენ ველოდით". - აღნიშნავს The Telegraph-თან ხაზინის წარმომადგენელი, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

გასულ კვირას გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ინფლაციამ, რომელიც საკვებსა და ენერგეტიკაზე არასტაბილურ ფასებს ხსნის, აპრილში 6.8%-ს მიაღწია, რაც 31 წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია.

დიდი ბრიტანეთი საკვებ პროდუქტებზე ფასების ჭერის დაწესებას ფრანგული მოდელით განიხილავს. საფრანგეთში, საცალო მოვაჭრეებმა, რომლებმაც მთავრობასთან შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თავად აირჩიეს ის პროდუქტები, რომლებიც ფასის გაყინვას, ან ჭერის დაწესებას დაექვემდებარა. ძირითადად, ეს საკუთარი ბრენდის პროდუქცია აღმოჩნდა, რადგან, საცალო მოვაჭრეებისთვის ყველაზე მარტივი მათი ხარჯების კონტროლია. 

მეორე მხრივ, ერთ-ერთმა წყარომ ეს გეგმა "ანტისაბაზროდ" შეფასა. წყაროს აზრით, დიდია შანსი იმისა, რომ რეგულაციამ ზიანი მიაყენოს პატარა საცალო მოვაჭრეებს, რომლებიც მთავრობასთან შეთანხმებული სუპერმარკეტებისთვის კონკურენციის გაწევას ვეღარ შეძლებენ.  

"ძალიან მარტივია საცალო ვაჭრებისკენ თითის გაშვერა და იმის თქმა, რომ ისინი დიდ მოგებაზე მუშაობენ, თუმცა, ხშირად, მოგების მარჟა არც ისე დიდია". - დასძინა წყარომ.

საფრანგეთის მთავრობამ საცალო მოვაჭრეებთან შეთანხმებაზე მარტში გამოაცხადა, როდესაც ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა თქვა, რომ გარიგება, რომელზეც მთავრობა და სუპერმარკეტები შეთანხმდნენ, აპრილიდან ივნისამდე პერიოდს "ანტიინფლაციის კვარტლად" გადააქცევდა. მაისში ლე მერმა აღნიშნა, რომ ინიციატივა კიდევ ერთი კვარტლით გახანგრძლივდება.

ამჟამად დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ინფლაცია ბრიტანეთსა და იტალიაშია. ინგლისის ბანკის ყოფილმა წარმომადგენლებმა, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთის დადგენაზე მუშაობდნენ, The Telegraph-თან აღნიშნეს, რომ საპროცენტო განაკვეთი, რომელმაც მაისში 4.5%-ს მიაღწია, ინფლაციის შესაჩერებლად 6%-მდე უნდა გაიზარდოს. 

კომენტარები