საქართველო-NATO

სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველო მიჰყვეს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლისაც გვჯერა

Olivier Matthys/AP

გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საკითხიც განიხილა

სტოლტენბერგის თქმით, მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთის აქტიური აგრესიული მოქმედებები ჯერ კიდევ 2008 წელს, საქართველოზე თავდასხმით დაიწყო. ეს ამ სახელმწიფოს ქცევითი პატერნის ნაწილია. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები მტკიცებულებაა იმისა, რომ დასავლეთის მცდელობა ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა, კრახით დასრულდა. 

"მათ სამეზობლოს კონტროლისთვის გავლენის სფეროების აღდგენა სურთ. რა თქმა უნდა, ეს ის სამყარო არაა, სადაც ჩვენ ცხოვრებას ვისურვებდით, რადგან ეს ყოფილი საბჭოთა და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს". - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

გენერალური მდივანი NATO-სა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. სტოლტენბერგმა საქართველო შუალედური პოზიციის მქონე ქვეყნების კონტექსტში მოიხსენია. ამ ტიპის სახელმწიფოები არ არიან NATO-ს მოკავშირეები, თუმცა რუსეთის ძალმომრეობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ. სტოლტენბერგის თქმით, ეს არაა საუკეთესო პოზიცია, თუმცა ეს ქვეყნები დაუცველი არიან. ამიტომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მადრიდის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყნების მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერონ. 

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, საქართველომ მისდიოს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლისაც ჩვენ, ყველას გვჯერა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმ მოკავშირეებისგანაც მოველით სანქციების მხარდაჭერას, რომლებიც NATO-ს წევრი ქვეყნები არ არიან. მათ არ უნდა გაუმარტივონ რუსეთს უკრაინაში ომის წარმოება". - თქვა იენს სტოლტენბერგმა. 

კომენტარები