რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ მოხალისეთა კორპუსის ლიდერი: იმ მხარეს კიდევ გვიხილავთ

 REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინის მხარეს მებრძოლ რუსულ მოხალისეთა კორპუსის (РДК)  ხელმძღვანელი, დენის კაპუსტინი, რომელიც რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშების მიტანაზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ სულ მალე რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო მეტ თავდასხმას ვიხილავთ.  

"ვფიქრობ, იმ მხარეს კიდევ გვიხილავთ. შემდგომ მოქმედებებს, მიმართულებასაც კი, ვერ გავთქვამ. საზღვარი საკმაოდ გრძელია. თუმცა კვლავ იქნება ისეთი წერტილი სადაც დაძაბულობა მოიმატებს... ჩვენი სამომავლო გეგმები რუსეთის ახალ ტერიტორიებზე შეჭრაა, რასაც აუცილებლად ვიზამთ... ცოტა მოთმინება გმართებთ, რამდენიმე დღე მოიცადეთ". - აღნიშნა ინტერვიუში კაპუსტინმა. 

კაპუსტინის თქმით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მისი ორი მებრძოლი დაიღუპა და 10 დაიჭრა. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ 70-ზე მეტი უკრაინელი ნაციონალისტი მოკლეს.

იერიშების მიტანისას გამოყენებული იარაღების წარმოშობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას, საბრძოლო მეთაურმა პირდაპირი პასუხი არ გასცა. მანამდე დასავლურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბელგოროდზე თავდასხმებში ამერიკული აღჭურვილობა იყო გამოყენებული. 

"მე ზუსტად ვიცი, საიდანაც მივიღე ჩემი იარაღი. სამწუხაროდ, დასავლელი პარტნიორებისგან, არა". - თქვა რუსული მოხალისეთა კორპუსის ლიდერმა. 

კაპუსტინის თქმით, უკრაინულმა მხარემ მოხალისეთა კორპუსი მხოლოდ საჭირო ინფორმაციით, სურსათითა და მედიკამენტებით მოამარაგა. თუმცა მათი ჩართულობა მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა. 

კაპუსტინის მტკიცებით, მოხალისეთა კორპუსი რუსებისგან შედგება. რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებების თაობაზე გადაწყვეტილებებს ისინი დამოუკიდებლად იღებენ, ხოლო რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიას, ამ შემთხვევაში, РДК უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაშია და მათ საჭიროების შემთხვევაში ეხმარება.


22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები