საქართველო-რუსეთი

POLITICO ღარიბაშვილის კატარის სიტყვაზე: რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია

Politico

ბრიტანული გამოცემა Politico საქართველოს პრემიერმინსიტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლას ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეფერხება რუსეთის ეკონომიკაზე მხოლოდ  მცირე გავლენას მოახდენს. ღარიბაშვილი პასუხობს ევროკავშირის შეთავაზებას, რომ დაასანქცირონ ის ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა ჯერ კიდევ აქვთ.

"რასაც ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან ოთხ დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ ერთ წელიწადში. როცა საქმე ეხება ეკონომიკურ სანქციებს [...] საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია წელიწადში” - ამბობს ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე.

როგორც Politico წერს, რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. 2022 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ Politico ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემეზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთა ვაჭრობა რუსეთთან მას შემდეგ გაიზარდა, რაც დასავლეთმა მოსკოვს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. საქართველომ რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა თითქმის 22  %-ით გაიზარდა.

კომენტარები