იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებს სანქცირებულ მოსამართლეებთან აქვთ კავშირი – TI

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს(TI) განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულ 3 არამოსამართლე წევრებს აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან აქვთ კავშირები. 

TI წერს, რომ მათი საბჭოში არჩევა კიდევ უფრო მეტად  გაამყარებს კლანის პოზიციებს და სასამართლო სისტემას არ გააჯანსაღებს, რაც  ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. 

"ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, რომ ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. გარდა ამისა, მათი ბიორგაფიების შესწავლის შედეგად გამოვლინდა მათი კავშირები აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან. შესაბამისად, მათი საბჭოში არჩევა კიდევ უფრო მეტად  გაამყარებს კლანის პოზიციებს და ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რაც აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ამ პროცესმა  კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათი ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ საბჭოს ახალ წევრებს ოპოზიციის ზოგიერთი დეპუტატის მხარდაჭერაც ჰქონდათ".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

ზურაბ გურასპაშვილი- 2006-2010 წლებში ზურაბ გურასპაშვილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში იყო პროკურორი. ზუსტად ამ პერიოდში ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში მუშაობდა კლანის ერთ-ერთი წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე.  ზურაბ გურასპაშვილის და მისი მეუღლის სოციალური ქსელის Facebook-ის მონიტორინგიდან გამოიკვეთა, რომ მათ კავშირი აქვთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან და მის მეუღლესთან ლანა თევზაძესთანაც. საგულისხმოა, რომ ლანა თევზაძე თავის მხრივ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლევან თევზაძის დაა.

ზურაბ გურასპაშვილს პარლამენტში საჯარო გასაუბრებისას არ უსაუბრია სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე და არსებულ ძირითად გამოწვევებად სასამართლოს გადატვირთულობა და სასამართლო შენობების ტექნიკური ადაპტირება დაასახელა.
გასაუბრებისას მან განაცხადა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის სრულად დამოუკიდებელი. სასამართლო სისტემა გაძლიერდა, რამაც მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში მოქალაქეთა მიმართვიანობის კლება განაპირობა.

გიორგი გზობავა- გიორგი გზობავას კანდიდატურა პარლამენტს აიიპ "ახალგაზრდა ადვოკატებმა" წარუდგინა. ორგანიზაციას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქართული ოცნების ე.წ. აქტივისტებს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" დამფუძნებელი თინათინ ნიბლოშვილი 2017 წელს  ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მე-3 ნომერი იყო. თინათინ ნიბლოშვილი 2017 წლიდან საკრებულოს წევრია. ამასთან, 2021 წლიდან იგი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს.

ახალგაზრდა ადვოკატებს პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა. კანონმდებლობის თანახმად, ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც, პარლამენტში წარდგენილი და TI-ის  მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, "ახალგაზრდა ადვოკატებს" საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება არ ჰქონდა,  პარლამენტის მიერ  საბჭოს წევრად გიორგი გზობავას არჩევა კანონის ცალსახა დარღვევაა.

გიორგი გზობავას პარლამენტში საჯარო გასაუბრებისას არ უსაუბრია სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე და  ყურადღება მხოლოდ სასამართლო სისტემაში ისეთ ტექნიკურ-ლოჯისტიკურ პრობლემებზე, როგორებიცაა არასაკმარისი სასამართლო  დარბაზები, თარჯიმნების ნაკლებობა, კომპიუტერული ხარვეზები და სხვა.

ტრისტან ბენაშვილი- ტრისტან ბენაშვილის კანდიდატურა პარლამენტს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ წარუდგინა.

ტრისტან ბენაშვილი 1999-2004 წლებში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან ერთად მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში.
გასაუბრებისას ბენაშვილი კრიტიკული არ ყოფილა სასამართლო სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობის მიმართ:

მან დადებითად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და მისი გამჭვირვალობა, ასევე 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებული ახალი წესი, რომელიც, მათ შორის, მოსამართლეთა მივლინებას მათი თანხმობის გარეშე ხდის შესაძლებელს. ეს წესი ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა.

სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებად კი ბენაშვილმა სასამართლოს გადატვირთულობა და მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე დაასახელა. მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია, რასაც მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს.

17 მაისს, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა   და ზურაბ გურასპაშვილი  აირჩია.  2021 წლის ივნისის შემდეგ საბჭო 5 არამოსამართლე წევრის გარეშე ფუნქციონირებდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი და კვალიფიციური არამოსამართლე წევრების არჩევა, საბჭოს სიღრმისეულ რეფორმასთან ერთად, გათვალისწინებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად  ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებშიც.

კომენტარები