რუსეთ-საქართველოს ომი

ომში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება – ილია II

საქართველოს პატრიარქის განცხადებით, "1991-1993 და 2008 წლების ომებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად" ეკლესია აშენდება. ილია მეორე წერს, რომ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ადგილი 2011 წელს აკურთხეს.

"უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მშენებლობა შეფერხდა.

დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა - შალვას, ელიზბარის და - ბიძინა ჩოლოყაშვილის, ასევე, გაერთიანებული საქართველოს დიდებული მეფის - წმ.თამარის სახელობისა.

მათი მეოხებით ღმერთმა სავანესა თვისსა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მსხვერპლთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა;

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალჭირგამოვლილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.

ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო" - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.

კომენტარები