რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ბელგოროდის ოლქში პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება

კადრი რუსული მოხალისეთა კორპუსის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, გრაივორონსკის რაიონში "კონტრტერორისტული ოპერაცია" პროუკრაინული დივერსანტული ჯგუფის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა.

"გრაივორონსკის რაიონში გრძელდება თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ ტერიტორიის წმენდვა". – თქვა გლადკოვმა. 

გლადკოვმა ამ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომლებმაც სახლები დატოვეს, მოუწოდა, რომ უკან დაბრუნება ჯერ არ ღირს.

გუბერნატორის თქმით, საევაკუაციო მოქმედებების დროს გასულ დღეს მოკვდა 1941 წელს დაბადებული ქალი და მიზეზები დგინდება. რაც შეეხება შეტაკებისას დაშავებულებს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, დაჭრილია ორი მოქალაქე, რომლებთანაც ძალოვნები მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა თავისუფალმა რუსეთმა გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები