თავდაცვის სამინისტრო

2021-ში თავდაცვამ საიდუმლო გრიფის მქონე აქტებით 5 160 000 ლარამდე დანამატი გასცა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიშის თანახმად, სამინისტრომ 2021 წელს, დაახლოებით, 233 მოსამსახურეზე "საიდუმლო" გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5 160 000 ლარამდე დანამატი, მათ შორის 286 672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ეს დანამატები სათანადოდ დასაბუთებული არ არის.

ამასთან, 2021 წელს 160 000 ლარზე მეტი დანამატი დარიცხულია 83 მოსამსახურეზე ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ზოგიერთ შემთხვევაში მოსამსახურეზე წლის განმავლობაში გარკვეული თვეების მიხედვით გაცემულია ერთი და იმავე ოდენობის დანამატი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი თვის დანამატის გაცემის შემთხვევაში გამოცემულია მინისტრის ბრძანება, ბრძანებებში სათანადოდ არც ამ შემთხვევაშია  დასაბუთებული დანამატის გაცემის საფუძველი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო და ინფორმაციას უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა უწოდა.

"დანამტები გაიცა იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეციალური წოდების მქონე პირებზე, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის სპეციფიკურ სამუშაოს და ამავე დროს, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სენსიტიურ საქმიანობასთან და ინფორმაციასთან". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები