რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: უკრაინელმა პილოტებმა F-16-ებით ვარჯიში უკვე დაიწყეს

ნიდერლანდების კუთვნილებაში მყოფი F-16

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ უკრაინელმა პილოტებმა F-16-ებით ვარჯიში უკვე დაიწყეს.

გარდა ამისა, ბორელი მიესალმა უკრაინაში თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და ასევე დასძინა, რომ ისინი უკრაინის თავდაცვის ძალებს სჭირდებათ.

"მფრინავების მომზადება უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე შევძლებთ უკრაინისთვის მათ [F-16-ის ტიპის თვითმფრინავები] გადაცემას". - თქვა ბორელმა.

ახლო მომავალში უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან შესაძლოა ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიიღოს. შესაბამისი გეგმების შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება. ამაზე მიუთითებს დასავლელი ლიდერების კომენტარებიც. 

აქამდე, კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ მომდევნო თვეში აშშ და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით მიაწოდონ უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.

ბაიდენი: ზელენსკიმ მყარად დამარწმუნა, რომ F-16-ებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ

პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

კიევი F-16-ებს უკვე რამდენიმე თვეა რაც ითხოვს.

კომენტარები