მოლდოვა-ევროკავშირი

მოლდოვაში მთავრობის ორგანიზებით EU-ში გაწევრიანების მსურველთა მასშტაბური აქცია გაიმართა

REUTERS

21 მაისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში პრეზიდენტის, მაია სანდუს ორგანიზებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციას დაახლოებით 75 000 მხარდამჭერი შეუერთდა.

მოლდოვის მთავრობა რუსეთს ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით ქვეყანაში დაძაბულობის განზრახ გაღვივებაში ადანაშაულებს, რასაც რუსული მხარე უარყოფს. აქცია პრორუსული პარტიების აქტიურობაზე  პასუხი იყო.

"ჩვენ აღარ გვსურს ევროპის პერიფერია ვიყოთ. მოლდოვას არ სურს კრემლის შანტაჟი აიტანოს". - აღნიშნა აქციაზე მაია სანდუმ. მისივე თქმით, 2030 წლამდე მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება. 

მანამდე გამოქვეყნდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ შედგენილი საიდუმლო გეგმა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი მოლდოვის დესტაბილიზაციის სქემა, რაც პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერას, მართლმადიდებლური ეკლესიით მანიპულირებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით შანტაჟს მოიცავს.

როგორც CNN-ი იუწყება, დოკუმენტი სახელწოდებით - "რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“ 2021 წელს არის შედგენილი და 10 წელზეა გაწერილი.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმით არის ნახსენები მოლდოვის NATO-ში გაწევრიანების შეფერხების აუცილებლობა და მისი მიზანი ქვეყნის დასავლეთის კურსიდან ჩამოშორებაა. 

გეგმის მიხედვით, მოლდოვა რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული უნდა გახდეს და მისი გავლენა დნესტრისპირეთის რეგიონში უნდა შემცირდეს.

მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანება გასულ წელს მოითხოვა და 2022 წლის ივნისში უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიიღო.
 

კომენტარები