რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ბახმუტზე: რუსეთს ჩვენი ქალაქი არ აქვს ოკუპირებული

ვოლოდიმირ ზელენსკი
AFP

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბახმუტი რუსეთის ჯარებს არ უკავიათ და ქალაქში უკრაინელი სამხედროები "ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ". 

ზელენსკიმ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა დარწმუნებით აღნიშნა, რომ ბახმუტი დღეს "რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის"

"ამ სიტყვების ორი ან სამი ინტერპრეტაცია არ არსებობს". - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 

20 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ ქალაქი ბახმუტი მისმა ძალებმა სრულად აიღეს. ჩანაწერში მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ძალები აქ 25 მაისამდე გაჩერდებოდნენ, შემდეგ კი დასასვენებლად და გადასამზადებლად გამოვიდოდნენ და პოზიციებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცემდნენ.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფისდამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კრიტიკის მთავარი სამიზნე იყო, განაცხადა, რომ ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს ვაგნერის შეტევითი ქმედებების შედეგად, შეიარაღებული ძალების დანაყოფების დახმარებით. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი ვაგნერმა მათი დახმარებით აიღო

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება 8 საათით გვიან დაიდო, ვიდრე ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ამბობდა, რომ მისმა ძალებმა ბახმუტი სრულად დაიკავეს.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიები ციტირებენ კრემლს და წერენ, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვაგნერსა და შეირაღებულ ძალებს მიულოცა. 

კომენტარები