რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ჰიროშიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროშიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ს დიპლომატიურმა წყარომ დაუდასტურა. 

საუდის არაბეთში საფრანგეთის ელჩის თქმით, ზელენსკი 19 მაისს საუდის არაბეთში, არაბთა ლიგის სამიტზე, ასევე საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით გაემგზავრა. 

გუშინ, 19 მაისს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტს ვირტუალურად ჩაერთვებოდა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი სამიტზე დასასწრებლად იაპონიაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრებოდა. ამის შესახებ ცნობები გაავრცელეს ისეთმა მედიებმა, როგორებიცაა Bloomberg-ი, CNN-ი, Reuters-ი, The Japan Times-ი და სხვები. 

სამიტის მნიშვნელოვანი თემა უკრაინის ომია. G7-ის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის მე-11 პაკეტის მსგავსად, საერთაშორისო სანქციები ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხებათ, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან.

სამიტის დაწყების წინ, დიდი შვიდეულის წევრმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა რუსული ალმასის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს აკრძალავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნავს, რომ რუსული ალმასით ვაჭრობას ევროკავშირიც შეზღუდავს.

კომენტარები