იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევა

ქარდავა: რიგ კანდიდატებს მივეცი ხმა - ოცნებასთან არც ადრე ვყოფილვარ გარიგებაში და არც დღეს

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრისა და ოპოზიციონერი დეპუტატის ბაჩუკი ქარდავას თქმით, რომელიც პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით მოხვდა, მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში რიგ კანდიდატებს ხმა მისცა. როგორც ქარდავა განმარტავს, თუკი იქნებოდა საერთო შეთანხმება ოპოზიციის მხრიდან, რომ ბოიკოტი გამოცხადებული კენჭისყრის დროს, ასეც მოიქცეოდა. 

ტვ პირველთან საუბრისას ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ მას ოცნებასთან გარიგება არც ადრე და არც დღეს ჰქონია. 

"მე არ ვადასტურებ, რომ სამი კანდიდატი, რომელიც გავიდა, გავიდა ჩემი ხმით. მე უბრალოდ გეუბნებით, ვიღაცამ იჩქარა ამ შეფასებისას და ჩემი გვარი დაასახელა, თუმცა გიდასტურებთ, რომ რიგ კანდიდატებს მე ხმა მივეცი. თუ იქნებოდა შეთანხმება, რომ  გამოგვეცხადებინა ბოიკოტი, არავის არ მიეცა ხმა ოპოზიციიდან ისევე, როგორც ეს საგამოძიებო კომისიის დროს მოხდა  და ვყოფილიყავით ერთიანი, მე, რა თქმა უნდა, ამ პოზიციას დავუჭერდი მხარს და მიმაჩნია, რომ უფრო სწორი იქნებოდა. მაგრამ თუ იყო თავისუფალი კენჭისყრა, სწორად მიმაჩნდა, რომ ყველასთვის მიცემულიყო ხმა და არა შერჩევით, რომ ამას მივცეთ და იმას არა. ქართულ ოცნებასთან გარიგებაში კი არა, საუბარიც კი არ მქონია არც ადრე და არც დღეს".- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. 

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

კომენტარები