რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს საგარეო კომიტეტმა უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

16 მაისს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულებისთვის სასჯელის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. დოკუმენტი განსახილველად წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა.

რეზოლუცია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში 2023 წლის 31 იანვარს დარეგისტრირდა. კომიტეტის წევრებს რეზოლუციის გაცნობისას დემოკრატმა კონგრესმენმა, ბილ კიტინგმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მთავრობას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს და მისი მნიშვნელობა გადამწყვეტია როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით. 

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა თქვა, რომ რეზოლუციის მიღებამდე კონგრესმენებს საშუალება ჰქონდათ, უკრაინის გენერალური პროკურორისთვის მოესმინათ და საკუთარი თვალით ენახათ ომის დანაშაულები. 

"მე მხარს ვუჭერ ამ რეზოლუციას. ჩვენ უკრაინის გენერალური პროკურორისგან საშინელი სისასტიკეების შესახებ მოვისმინეთ. მე მქონდა შესაძლებლობა, მენახა ბუჩა, დაკრძალვის ადგილები, თავში დახვრეტილი ბავშვები, ვაგნერის ჯგუფის მიერ სიკვდილამდე გაუპატიურებული 5 წლის ბავშვები, ბავშვების დეპორტაცია, სამშობიარო სახლების დაბომბვა, მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი... ამიტომ, ვფიქრობ, რომ სპეციალური ტრიბუნალი მიზანშეწონილია". - თქვა მაკკოლმა.  

რეზოლუციაში პრეზიდენტს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. "იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასიური განადგურება გამოიწვია, მილიონობით უკრაინელის გადაადგილება როგორც უკრაინის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ათასობით უკრაინელის, მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო პერსონალის დაღუპვა". - წერია მიღებული რეზოლუციის ტექსტში, რომელიც კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

რეზოლუციაში კონგრესმენები რუსეთის მიერ გაეროს წესდების მუხლების დარღვევაზე საუბრობენ: "რუსეთის ფედერაციის მიერ უპრეცედენტო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს". 

რეზოლუციის თანახმად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას. მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ხაზს უსვამს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თვლის, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ცალკეული ლიდერები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულში, რაც მოითხოვს სათანადო სასამართლო გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და აღიარებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საქმეზე. 

კომენტარები